„იმარჯვებს ის, ვინც იმარჯვებს სტამბოლში“
თუ ოპოზიცია შეძლებს თავისი მერის დასმას სტამბოლში, თურქი მიმომხილველის აზრით, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება პირადად ერდოანისათვის. ყველას ახსენდება ის განცხადება, რომელიც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 1994 წელს თურქეთის უმსხვილესი ქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააკეთა: „ვინც მართავს სტამბოლს, ის მართავს ქვეყანასაც“.
ბრძოლა სტამბოლისათვის
31 მარტის მუნიციპალურ არჩევნებში ორი პარტიის ბრძოლა განსაკუთრებით გააფთრებული იყო სტამბოლში. ორშაბათის მონაცემებით, ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ, გავრცელებული ცნობებით, შეძლო ხელიდან გამოეგლიჯა გამარჯვება თავისი მეტოქის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმისათვის.
ბიულეტენების 100 %-ის დათვლის შედეგად, იმამოღლუმ დააგროვა ხმების 48,795 %, მმართველი პარტიის წევრმა - 48,79 %. განსხვავებამ შეადგინა მხოლოდ 1932 ხმა.
მაგრამ ორშაბათის ღამემდე, ხმების 98 %-ის დათვლის შემდეგ, იმამოღლუ არჩევნებს აგებდა.
გავიდა ერთი დღე და თავად ერდოანის მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეარხებსა და გაზეთების საიტებზე, მაგალითად, Habertürk-ში, 1 აპრილს გამოჩნდა ოპოზიციის კანდიდატის სურათები, როგორც რბოლის ლიდერისა.
მაგრამ თურქეთის ოპოზიცია ჯერ მაინც ფრთხილად აღნიშნავს გამარჯვებას თურქეთის უმსხვილეს ქალაქში. ამის მიზეზი ისაა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი შევიდა 80-ზე მეტ უბანში ხმების გადათვლის მოთხოვნით, ხოლო კომისიის ხელმძღვანელმა სადი გიუვენმა 1 აპრილის დილით განაცხადა, გრძელდება საჩივრების განხილვა და ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ დადგენილი სტამბოლის მერის არჩევნების შედეგიო.
ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავასმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანკარაში. იზმირში, თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქში, კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა. ტუნჩ სოიერს წილად ხვდა ხმების 58,06 %, ხოლო მმართველი პარტიის წევრს - 38,67%.
ოპოზიციის წევრებს ხვდათ გამარჯვება ასევე ანთალიაში, თურქეთის სიდიდით მერვე ქალაქში.
რას აძლევს ეს გამარჯვება ოპოზიციას
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო პირველი ასეთი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც 2017 წელს კონსტიტუციის რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ერდოანის უფლებამოსილებები. ბევრი მიიჩნევს მუნიციპალურ არჩევნებს იმის ინდიკატორად, თუ რამდენად ძლიერია ამჟამად ერდოანისა და მისი პარტიის, AKP-ის („სამართლიანობისა და განვითარების პარტია“), პოზიციები.
ერდოანი და AKP აქამდე ყველა არჩევნებში იმარჯვებდნენ 2002 წელს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ. მაგრამ ბოლოხანს ძლიერდება ოპოზიციური განწყობა ეკონომიკური დაღმასვლის, უმუშევრობისა და ინფლაციის მატების ფონზე.
თუ ოპოზიცია შეძლებს იზმირში, ანკარასა და სტამბოლში გამარჯვებას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ მის მმართველობაში მოექცევა ქვეყნის არა მხოლოდ ყველაზე დიდი და ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებული ცენტრები, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეოთხედი ( 20 მილიონი კაცი თურქეთში მცხოვრები 82 მილიონიდან).
მუნიციპალური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აღიარა, რომ არსებობენ ქალაქები, რომლებშიც მმართველი პარტია დამარცხდა. მაგრამ პრეზიდენტმა დაამატა, რომ მისმა პარტიამ „მნიშვნელოვნად გაუსწრო კონკურენტებს“.
მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიას ( AKP) წილად ხვდა ამომრჩეველთა 44 %, „რესპუბლიკურ სახალხო პარტიას“ – 30 %.
მმართველი AKP-ის პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სულ მცირე ანკარაში შეეცდებიან არჩევნების შედეგების გადასინჯვას.
მომზადებულია Current Time-ის მიხედვით.