პარლამენტს შემოდგომაზე უკეთესი აკუსტიკა უნდა ჰქონდეს
პარლამენტის სასესიო დარბაზში არსებულ აკუსტიკურ პრობლემებზე ივლისში შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკით დაიწყებს მუშაობას.
“სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება შეუძლებელი იქნება. სამუშაოები ივლისში დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დააზუსტა, რომ კედლებზე გასაკრავია სპეციალური მასალა, რაც დარბაზს ხმაურისგან დაიცავს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტის თბილისში გადმოსვლამდე, სასესიო დარბაზში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მაგრამ არც ერთ ღონისძიებას აკუსტიკასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.
როგორც პარლამეტის წევრები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში არსებული აკუსტიკური პრობლემის გამო, გამომსვლელთა განცხადებებს ვერ ისმენენ და ხშირ შემთხვევაში, კანონპროექტების განხილვისას ხმის სწორად მიცემასაც ვერ ახერხებენ.
5 აპრილს, პარლამენტართა ნაწილის განცხადებით, სწორედ დარბაზში არსებული აკუსტიკური ხარვეზი გახდა მიზეზი იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ ჩააგდო ინიციატივა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ. ამიტომ პარლამენტმა ხელმეორედ უნდა უყაროს კენჭი ინიციატივას.