ზელენსკისა და პოროშენკოს შორის ისევ უთანხმოებაა დებატების გარშემო
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს, შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის ისევ გაჩნდა უთანხმოება წინასაარჩევნო დებატების გარშემო.
პოროშენკოს პრესმდივანმა ოლეგ მედვედევმა 16 აპრილის გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 19 აპრილს დაგეგმილ დებატში იმის გამო, რომ ზელენსკიმ უარყო დებატისათვის განსაზღვრული დრო, ადგილობრივი დროით, 16-დან 18 საათამდე (საქართველოში 17-19 საათი).
ზელენსკის საარჩევნო გუნდს ჯერ არ გაუკეთებით განცხადება ამ თემაზე.
რამდენიმე საათით ადრე მედვედევმა გამოაცხადა, რომ ორივე კანდიდატის მრჩევლებმა ხელი მოაწერეს სტადიონთან შეთანხმებას 19 აპრილს დებატების გამართვის შესახებ. მან იქვე აღნიშნა, რომ ჯერ არ დასრულებულა მოლაპარაკება დებატების გამართვის დეტალებზე.
მედვედევის თანახმად, ზელენსკის გუნდი მოითხოვს დებატის დაწყებას 19 საათზე. ეს კი შეუძლებელს გახდიდა კანდიდატების მისვლას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ მეორე დებატზე, რომელიც იმავე დღეს უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სტუდიაში.
მედვედევი აღნიშნავს, რომ კანონით, დებატი უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სტუდიაში და პირდაპირ ეთერში გადაიცეს 19-დან 22 საათამდე.