„ხარისხის არხი“: Next Level-ზე გადავდივართ
„ხარისხის არხი" სახელწოდებას იცვლის და 25 აპრილიდან „სამეფო არხი“ ეწოდება.
როგორც„ხარისხის არხის" დირექტორმა, გიორგი ასათიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, არხზე უკვე სამი წელია გადის გადაცემა „ბაგრატოვანთა დრო“, რომლის წამყვანიცაა ბაგრატიონთა დინასტიის სახლის წარმომადგენელი მამუკა ბაგრატიონი, არხს მჭიდრო კავშირი აქვს სამეფო სახლთან, მათთან გაფორმებულია მემორანდუმი და ბუნებრივია, რომ არხი სახელს იცვლის:
„გარდა იმისა, რომ თავად სამეფო მოიცავს ხარისხს, ეს არის უკვე შემდეგი დონე, next level, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ამიერიდან ყველაფერი იქნება ხარისხიანი და სხვა, უფრო მაღალი დონის. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ობიექტური, შემწყნარებლური და ტოლერანტული ინფორმაციის გავრცელებას“.
„ხარისხის არხი“ 2012 წლიდან მაუწყებლობს. სატელევიზიო არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემაა „დასაბამიდან სასუფევლამდე“. გადაცემა ახალი ფორმატით 27 აპრილს გავა ეთერში.