აშშ-ში გამოქვეყნდა სპეცპროკურორის დასკვნის შემოკლებული ვერსია
400 გვერდიანი ანგარიში ადრე გადაეცა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც კონგრესისთვის მიწერილ წერილში განაცხადა, რომ ვერ მიაგნეს რუსეთთან შეთქმულების ფაქტებს დონალდ ტრამპის თანაგუნდელების მხრიდან.
ვაშინგტონში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი მართლაც ცდილობდა ჩარევას, მაგრამ საგანგებო პროკურორის რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ მიაკვლია დასტურს, რომ შეთქმულებაში რუსეთის ხელისუფლებასთან, ან პეტერბურგის ინტერნეტ კვლევის სააგენტოე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“ ერთად მონაწილეობდა აშშ-ის რომელიმე მოქალაქე, მათ შორის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის რომელიმე წევრი.
ბარმა ამის შესახებ განაცხადა 18 აპრილს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა რობერტ მიულერის დასკვნის რედაქტირებული, შემოკლებული ვერსიის კონგრესისთვის გადაცემას და მის საჯაროდ გამოქვეყნებას. ბარმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობდა მიულერის გამოძიებასთან, მიუხედავად ტრამპის მხრიდან კრიტიკას გამოძიების მიმართ.
საგანგებო პროკურორმა შეაფასა ათი ეპიზოდი, რომლებშიც მონაწილეობდა ტრამპი, და რომლებიც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად შეიძლებოდა შეფასებულიყო.
მისი დასკვნით, საკითხი, იყო თუ არა ეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, უნდა გადაწყვიტოს გენერალურმა პროკურორმა. ბარმა და მისმა მოადგილემ, როდ როსენსტაინმა გადაწყვიტეს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს და არ წაუყენეს ბრალდება პრეზიდენტს.
ანგარიშის შემოკლებული ვერსია მოამზადეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა მხოლოდ მსაჯულთა ჟიურის წევრების პირადი მონაცემების დაცვის მიზნით. ამის თაობაზე ბარმა 18 აპრილს განაცხადა. გენერალური პროკურორის თქმით, ტრამპს რედაქტირებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამის უფლებამოსილება პრეზიდენტს გააჩნდა.