სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კერსტი კალიულაიდს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია. ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს18 აპრილს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ასაუბრა.
„მე ვთქვი, რომ ორივე ქვეყანაში ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან და ადამიანებს ველაპარაკე მავთულხლართების და შლაგბაუმების ერთი მხრიდან მეორე მხარეს“, - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა, რომლის თქმითაც, პუტინთან განიხილეს, თუ როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტების სამომავლო გადაწყვეტის სცენარები.
ესტონეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის პოზიციას. ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. ესტონეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს და უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.