ეგვიპტეში რეფერენდუმი იმართება პრეზიდენტის მმართველობის ვადის გახანგრძლივებაზე
20 აპრილს ეგვიპტეში დაიწყო სამდღიანი რეფერენდუმი კამათის საგნად ქცეული საკონსტიტუციო შესწორებების შესახებ, რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, მოქმედ პრეზიდენტს, აბდელ-ფატაჰ ალ-სისის პოტენციურად 2030 წლამდე გაუხანგრძლივებს ვადას.
საკონსტიტუციო შესწორება მის ამჟამინდელ ვადას ოთხიდან ექვს წლამდე გაზრდის და მას უფლებას მისცემს კიდევ ერთი ვადით დარჩეს პოსტზე. ამასთან, კრიტიკოსების თქმით, შესწორებებით გაიზრდება არმიის როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში და პრეზიდენტს მეტი უფლებამოსილება ექნება სასამართლო სისტემასთან მიმართებით.
პარლამენტმა, რომელშიც დომინანტურ ძალას სისის მხარდამჭერები წარმოადგენენ, 16 აპრილს დაამტკიცა შესწორებები. ინიციატივას აკრიტიკებენ უფლებადამცველი ჯგუფები.