კოსოვო: სირიიდან დავაბრუნეთ 110 მოქალაქე, მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" ოთხი მებრძოლი
კოსოვოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიიდან დააბრუნეს მათი 110 მოქალაქე, მათ შორის ოთხი პირი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. ოთხივე მათგანი ჩასვლისთანავე დააპატიმრეს და სახელმწიფო პროკურორი აცხადებს, რომ მათ ბრალს მალე წაუყენებენ.
კოსოვოს პოლიციის ხელმძღვანელმა, რაშიტ ჩალაიმ 20 აპრილს კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაბრუნებულებს შორის არიან 32 ქალი და 74 ბავშვი, მათ შორის ცხრა ბავშვი, რომელთა მშობლებიც სირიაში მიმდინარე კონფლიქტში დაიღუპნენ. ჩალაის თქმით, სირიაში კვლავაც რჩება 30 მებრძოლი, ისევე, როგორც 49 ქალი და რვა ბავშვი.
კოსოვოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავრობა თვეების განმავლობაში მუშაობდა სირიიდან 110 მოქალაქის დასაბრუნებლად. აბელარდ ტაჰირის თქმით, ეს ნაბიჯი აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით გადაიდგა. პრიშტინაში აშშ-ის საელჩო მიესალმა კოსოვოელების დაბრუნებას.
2012 წლის შემდეგ სირიასა და ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად კოსოვოს 400-მდე მოქალაქე წავიდა. მათგან 70-ზე მეტი მოკლეს.
კოსოვოს კანონებით, ნებისმიერ პირს, რომელიც უცხოეთის ომში მონაწილეობს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.