„ევროპული საქართველო" პარლამენტში იბარებს შს და ეკონომიკის მინისტრებს
ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პარლამენტში მივიდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და უპასუხონ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაგროვილ შეკითხვებს.
"გაგვცენ პასუხი მარტივ კითხვებზე: რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული? რატომ დაგეგმეს ასე? რატომ გაირკვა, რომ ის, რამაც ეს გამოიწვია, თურმე გადალახვადი იყო? აუცილებელი იყო, რომ ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავიანთი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა, ჯერ ასე მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ამ რეგიონში ყველაზე სახიფათოა უსამართლობის და უძალობის კომბინაცია და ორივეს დემონსტრირება მოხდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან.
თვითონ რომ ამბობენ, ბეწვის ხიდზე გაიარა ქვეყანამ გუშინო, რატომ დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებთ - ამ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით. ეს რეგიონი მიტოვებულია და იქ ხელისუფლება კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას უკვე წლებია ვეღარ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ასეთ სარისკო რეგიონში, საფუძვლიანი წარმოდგენა აქვთ, რომ ხელისუფლება არის სუსტი და თან უსამართლო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია პოლიციელებზე ნებისმიერი სახის ძალადობას დაუშვებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც უნდა იქნეს დაცული, თუმცა მისივე შეფასებით, პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
გიორგი გახარია პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში მივა. მას პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენს.შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა 30 აპრილი-3 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგშია ასახული