ზალკალიანი: მინიშნება აშშ-ს მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიუღებლობაზე ბუნებაში არ არსებობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტზე უარი უთხრა.
„დიპლომატიური არხებით ჩვენ ვმუშაობთ ამ ვიზიტზე, მსგავსი ვიზიტის მომზადებას სჭირდება ძალიან სერიოზული ჩართულობა ორივე მხრიდან და ბუნებრივია, არანაირი მინიშნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან პრეზიდენტის მიუღებლობაზე არ არსებობს ბუნებაში. ორგანიზაციულად როგორც კი შეთანხმდება, ამ ვიზიტის თაობაზე ჩვენ საზოგადოებას ვაცნობებთ", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან უარი მოუვიდა, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 1 მაისს გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, უარი განპირობებული იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული არ იქნებოდა.
„არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან.
ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.