მამუკა ბახტაძემ მეწარმეებს ხარისხის ნიშნის მიღებისაკენ მოუწოდა
მისი სიტყვებით, ხარისხის ნიშანი პროდუქციის ნდობას ზრდის, მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ე.წ ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეტაპობრივად გადასახადისგან სრულად გაათავისუფლებს.
„ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან. უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანაა, ასეთ წამოწყებებს მივცეთ მაქსიმალური ფინანსური სტიმული, რათა ყველა საწარმო გადაერთოს სწორედ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ხარისხის ნიშნის მიღება ნებაყოფლობითია, თუმცა, პრემიერმა მეწარმეებს ამ შანსის გამოყენებისკენ მოუწოდა.
ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი წესების თანახმად, „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესით“ განსაზღვრულია 11 კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი, მათ შორის:
„დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“, „ტრადიციული პროდუქტი“, „ქართული ხარისხი“, „ბალახით ნაკვები“, „ხელით დამზადებული“, „მთის პროდუქტი“, „ტყეში ნასუქი“, „პირდაპირი დაწურვის წვენი“, „ბიოპროდუქტი“, „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“.
სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.