მამუკა ბახტაძე: საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა
„დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბახტაძის სიტყვებით, ევროპა ქართველი ერისარჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.
„ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და თქვა, რომ დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველო მყარად დგას ერთადერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას წარმატებასთან.
„აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს. ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში(ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია 80-მდე ღონისძიება როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ.