აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 14 მაისის საღამოს სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა 1,5 საათი გაგრძელდა, პუტინმა და პომპეომ იმსჯელეს სირიაზე, ლიბიაზე, ვენესუელაზე, ისევე როგორც რუსეთისა და აშშ-ის სარაკეტო ხელშეკრულებაზე.
შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს „სრული ფორმატით“ აღადგინოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. მანვე „მთლიანობაში ობიექტური“ უწოდა აშშ-ის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას, რომელმაც, როგორც პუტინმა გაიხსენა, ვერ მიაგნო მტკიცებულებებს რუსეთთან დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდის შეთანხმების შესახებ.
ამასთან, პუტინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მიულერმა მიაგნო აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელ მონაცემებს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა „სახელმწიფოს დონეზე“.
პუტინთან შეხვედრამდე პომპეო სოჭშივე ესაუბრა სერგი ლავროვს. მათ ერთობლი პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ორმხრივ ურთიერთობაში კვლავაც არსებობს აზრთა სხვაობა მრავალ საკითხზე.