რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები
რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო, - ინფორმაციაში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საინჟინრო თვალსაზრისით, ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპნის 13 კმ-იან მონაკვეთებზე.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 902 მლნ ლარამდეა.
უწყებისვე ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.
„ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.