დავით ზალკალიანი: საქართველო რუსეთთან ევროსაბჭოს ახალი სისტემის ამოქმედებას ვერ დაეთანხმება
"2019 წელს ევროპის საბჭო 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს უნიკალური სისტემა პატარა ქვეყნებს დიდ ქვეყნებთან ათანაბრებს და ევროპის მოქალაქეებს თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დაცვის თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მიმართვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2019 წელი საქართველოსთვისაც გამორჩეულია, რადგან 20 წლის წინ საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა, რითაც მან პროგრესის გზა აირჩია და დაამტკიცა, რომ დემოკრატიული განვითარების სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება.
მინისტრის თქმით, განვლილი ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველო აღმავალი გზით მიმავალ ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა ის ჯერ კიდევ დგას საფრთხეების წინაშე. ამ საფრთხეებიდან მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფაქტორზე.
კერძოდ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში საწინააღმდეგოდ, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და მშვიდობიანი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების დარღვევას. ამ კონტექსტში მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული საქართველოს მოქალაქეები გაიხსენა.
„გასული წლის მინისტერიალზე საქართველომ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობათა საკითხი დააყენა, მაგრამ ამ ტრაგიკულ სიას ბოლო არ უჩანს! მას ახლახან საქართველოს მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია დაემატა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მოქმედ რუსულ ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ერთიან საერთაშორისო ძალისხმევას, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, აღნიშნულ კონტექსტში, ევროპის საბჭო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთთან მიმართებაში ევროპის საბჭოს წევრთა ერთიანი პოზიციისა და ძალისხმევის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მყარ პოზიციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანქციების არსებული სისტემის სასარგებლოდ, რაც წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს წევრი ქვეყნების მხრიდან დარღვევების საწინააღმდეგოდ.
შესაბამისად, მინისტერიალისთვის მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად არ დაუჭირა მხარი.
დავით ზალკალიანის თქმით, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციები ეფექტიანი და მართებული ზომაა და საქართველო ახალი სისტემის ამოქმედებას ვერ დაეთანხმება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომა 2019 წლის 17 მაისს, ქალაქ ჰელსინკში გაიმართა.სის