ლევან ბეჟაშვილი: მოვუწოდებ პოლიციას დღესვე დაადგინოს, ვინ ისროლა საარჩევნო უბანთან
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მათი წარმომადგენლის მისამართით მოხდა გასროლა. შტაბის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს არის კომისიის წევრი ენმ- დან ზოია ქვარცხავა, რომელმაც გადაიღო უბანზე არსებული დარღვევები. ოპოზიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგინდეს დანაშაულის ჩამდენის ვინაობა:
“დღეს სროლა განხორციელდა ჩვენი კომისიის წევრის მიმართ. ეს ის ადამიანია, ვინც დააფიქსირა დარღვევები გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რომელზეც მანამდეც ხორცილდებოდა ზეწოლები. როგორც ვიცით, პროცესში უკვე ჩართულია პოლიცია, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვისი მხრიდან შეიძლებოდა რომ ეს გასროლა ყოფილიყო განხორციელებული.
მოვუწოდებ პოლიციას, რომ დაუყონებლივ მოახდინოს ამ საქმეზე რეაგირება. ეს უნდა მოხდეს არჩევნებამდე, რათა ყველა კრიმინალს და თავქარიანს, ვისაც განზრახული აქვს არჩევნებში ძალადობა და ამომრჩეველზე ზეწოლა, დაივიწყოს კრიმინალური ქმედებები, ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება, რათა მოქალაქეებს მიეცეთ თავისუფალ და სამართლიან რეჟიმში არჩევანის განხორციელების საშუალება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ზუგდიდის 87 - ე საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე გაისროლა უცნობმა პირმა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟანა ყურუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უბანზე მუშაობისას კომისიის წევრებმა გაიგეს ხმაური, რომელიც ე.წ. „ხლოპუშკის“ ხმას ჰგავდა.
ჟანა ყურუას თანახმად, საუბნო კომისიის თანამშრომლებმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქციეს და მუშაობა განაგრძეს, თუმცა ოთახში „შევარდა“ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ზოია ქვარცხავა, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანიდან ისროლეს.
ზოია ქვარცხავა ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. მასთან ერთად არის გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი.