ხაჯიმბამ ოპოზიცია დაადანაშაულა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიცია დაადაბაშაულა დესტრუქციულ ქმედებებში, რომელთა მიზანია ხელისუფლების მიტაცება.
მოსახლეობისადმი სპეციალურ მიმართვაში ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე ზრუნვა მხოლოდ საბაბია, რეალურად კი ოპოზიციის ამოცანაა პრეზიდენტის ვადამდე გადადგომა.
ხაჯიმბას მტკიცებით, მისი მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეპუტატის და მისი თანაშემწეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამართალდამცავები კი საქმეს რუს კოლეგებთან ერთად იძიებენ.
დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებითვე, ოპოზიციის მიერ გზების გადაკეტვა, სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება და სხვა ქმედებები ხელს უწყობს დესტაბილიზაციის შექმნას და ემთხვევა საკურორტო სეზონის დაწყებას.
ხაჯიმბა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს, თუმცა, ოპოზიციის ქმედებები ამწვავებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას და ბოლო დღეების ფაქტები ადასტურებს, რომ არსებობს ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ხელისუფლების ორგანოები მიმართავენ აუცილებელ ზომებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად და პროვოკაციების აღსაკვეთად. დე ფაქტო პრეზიდენტი მოქალაქეებს მიმართავს, არ აყვნენ პროვოკაციებს და სიფრთხილე და გამძლეობა გამოიჩინონ.
ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 20 მაისიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.
მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.
ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.