ულტრამემარჯვენეები პროგნოზირებულზე ნაკლები წარმატებით მონაწილეობენ ევროპარლამენტის არჩევნებში
ევროკავშირის ქვეყნებში გრძელდება საერთო პარლამენტის არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ბევრისათვის მოსალოდნელზე ნაკლები წარმატებით მონაწილეობენ კენჭისყრაში.
ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო 23 მაისს ბრიტანეთითა და ნიდერლანდით, რასაც 24 მაისს მოჰყვა კენჭისყრები ირლანდიასა და ჩეხეთში.
დღეს არჩევნები იმართება ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში, ხოლო 26 მაისს - ევროკავშირის ყველა დანარჩენ წევრში.
ნიდერლანდში ეგზიტპოლის შედეგებით, ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირის მხარდამჭერ პარტიებს. ასეთივე შედეგი გამოიკვეთა ირლანდიაში.
გერმანიაში წინასაარჩევნო გამოკითხვები მიანიშნებს კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის, ქრისტიან დემოკრატების ლიდერობაზე. მას მოჰყვებიან ასევე პროევროპული პოზიციით გამორჩეული მწვანეები.
არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები მოსალოდნელია 26 მაისის ღამეს, როცა კენჭისყრა დასრულდება ბლოკის 28-ვე ქვეყანაში.