ზელენსკი რუსეთისაგან მოელის კონფლიქტის მოსაგვარებლად მზადყოფნის „პირველ სიგნალს“
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის აზრით, თუ რუსეთი შეასრულებს გაეროს საზღვაო სამართლის ტრიბუნალის მოთხოვნას უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების გათავისუფლების შესახებ, ეს შეიძლება გახდეს უკრაინასთან კონფლიქტის მოსაგვარებლად მზადყოფნის „პირველი სიგნალი“.
ამის შესახებ მან შაბათს დაწერა ფეისბუკში.
ზელენსკის აზრით, რუსეთი ასე შეძლებს ნაბიჯის გადადგმას „მის მიერ შექმნილი პრობლემების ცივილიზებული გზით გასაჭრელად“.
გაეროს საზღვაო სამართლის ტრიბუნალმა დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ რუსეთმა "დაუყოვნებლივ" უნდა გაათავისუფლოს უკრაინის სამხედრო გემები და 24 მეზღვაური, რომლებიც შარშან ნოემბერში ყირიმთან, ქერჩის სრუტეში დააკავა.