„ბავშვური და უზრდელური საქციელი“ - მწერლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ
მწერლების ნაწილი უნდობლობას უცხადებს განათლების მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს. მათი პროტესტის მიზეზი არშემდგარი შეხვედრა გახდა. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები 31 მაისს გიორგაძეს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, სამინისტროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ შეხვედრა ჩაიშალა.
„არ მახსოვს ბოლოს ასე რისი შემრცხვა“, - ამბობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა. ისაცხადებს, რომგამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებმა განათლების მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილესთან მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა ჩამოსვლამდე შეათანხმეს. შეხვედრის მიზანი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო.
რამდენიმე დღით ადრე მათ აცნობეს, რომ ვინაიდან იმავე დღეს საქართველოში ჩამოდიოდა სომხეთის განათლების მინისტრი, მათ მხოლოდ გიორგაძე დახვდებოდათ. უკვე სამინისტროში მისულებმა კი გაარკვიეს,რომ გიორგაძეც სომხეთის განათლების მინისტრთანმიდიოდა შეხვედრაზე. სტუმრები მან სხვა მოადგილესთან ლევან ხარატიშვილთან გადაამისამართა. მასთან შეხვედრა კი უკვე დელეგაციამ არ ისურვა.
„საერთოდ ეს ადამიანები, განსაკუთრებით მიხეილ გიორგაძე, შემჩნეულები არიან კულტურისა და ლიტერატურის მიმართ ინდიფერენტულობაში. ერთადერთი მაშინ გამოცოცხლდება, როცა რამე კულტურული ძეგლია ასაფეთქებელი... ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ ამ ადამიანს. იმ ანეკდოტისა არ იყოს, ჩვენი ხელიდან მკვდარია და დანარჩენი თქვენ იცით“, - ამბობს მწერალი პაატა შამუგია.
„განათლების, კულტურის სამინისტრო დღეს მოიქცა სრულიად უკულტუროდ... დღევანდელი ინციდენტი, შეიძლება ითქვას, იყო კულმინაცია იმ პროცესისა, რომელიც გრძელდება მთელი ეს პერიოდი. მინისტრის მოადგილის ქცევა გამოხატავს იმ საერთო ფობიას მწერლების მიმართ, რომელიც მათ აქვთ. მათ უბრალოდ ეშინიათ ქართველი მწერლების და გამომცემლების, გაგვირბიან, გვემალებიან... მას შემდეგ, რაც ვითომდა კეთილი მიზნებით, გააერთიანეს „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ეროვნული ცენტრი“ დაჩვენ გვინდა დავსვათ შეკითხვები, გვემალებიან. კარგი, ჩვენ კიდევ ავიტანთ, სად გაგვექცევიან, მაგრამ როცა სერიოზული, მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსული და ასეთი ბავშვური, უზრდელური საქციელის მომსწრენი გავხდით...“ - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.
თავის მხრივ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილელევან ხარატიშვილი აცხადებს, რომ: „ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, მზად ვიყავი განმეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მოიცავს სამინისტროსა და წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობა და პასუხი გამეცა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორებმა წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, შეგნებულად შეეცადნენ, არ შემდგარიყო შეხვედრა და სამინისტროსთან მოსული დელეგაცია უკან გააბრუნეს. როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში შედიოდა, რაც სრულიად მიუღებელია!“.
ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის კვლავაც მზადაა შეხვედრისთვის.