სახალხო დამცველი: არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისამდე მიიყვანა
საქართველოს სახალხო დამცველმა 1 ივნისს ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ნინო ლომჯარიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვის ინტერესების სრული გათვალისწინება მომავალი თაობის განვითარების აუცილებელი პირობაა და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.
„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე - ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე - ძალიან სუსტია“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი წერს, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა და ამის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.