თალიბანის ლიდერის განცხადებით, უცხო ქვეყნების ჯარები „განწირული არიან დამარცხებისთვის“
თალიბანის ლიდერმა, ჰაიბატულა ახუნძადამ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდების გაკეთება უახლოეს ხანებში, იმ ფონზე, როცა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი კვლავ მიემგზავრება რეგიონში მოლაპარაკების ახალი რაუნდის გასამართავად ავღანეთში გაჭიანურებული ომის დასასრულებლად.
1 ივნისს გაკეთებულ კომენტარებში თალიბანი ლიდერი ასევე ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნების ჯარები „განწირული არიან დამარცხებისთვის“. მაგრამ ახუნძადამ ისიც თქვა, რომ ისლამისტი მებრძოლები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს აშშ-თან.
თალიბანის ბრძოლა და წინააღმდეგობა „ოკუპაციის წინააღმდეგ, ალაჰის ნებით, წარმატების ეტაპს უახლოვდება“, - ნათქვამია ახუნძადას მესიჯში, რომელიც გავრცელდა მუსლიმთა წმინდა თვე რამადანის დასრულების აღსანიშნავ იდის დღესასწაულზე.
„არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ცივ წყალს გადავასხამთ ჯიხადის აგიზგიზებულ ფრონტებს ან დავივიწყებთ ჩვენს მიერ 40 წლის განმავლობაში გაღებულ მსხვერპლს, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, - განაცხადა ახუნძადამ.
გასულ წელს, თალიბანმა დაიცვა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იდის დღესასწაულზე, რის გამოც ბევრი ავღანელი ამჯერადაც იმედოვნებდა ხანმოკლე ზავის განმეორებას. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამადანის დღესასწაულის დაწყების წინ გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით, რაც თალიბანმა უარყო.
ამასთან აშშ-ის სპეციალურმა წარგზავნილმა ზალმაი ხალილზადმა გეზი აიღო ავღანეთისკენ, საიდანაც, ომის დასრულების სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში იგი ასევე გაემგზავრება გერმანიაში, ბელგიაში, ყატარში, პაკისტანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროში.
აშშ-ის სახელმწიფი დეპარტამენტის ცნობით ხალილზადი თალიბების დელეგაციასთან მოლაპარაკებებს გამართავს დოჰაში, სადაც დაჯგუფების ოფისი მდებარეობს.
თალიბანი უარზეა ჩაერთოს ქაბულის ხელისუფლებასთან პირდაპირ მოლაპარაკებებში.