ისრაელმა რაკეტები დაუშინა სირიას. არიან დაღუპულები
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წუხელ სარაკეტო იერიში განახორციელეს სირიის სამხრეთ-დასავლეთ კუნეიტარის პროვინციაში მდებარე რამდენიმე ობიექტზე, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობები დაადასტურა ისრაელის არმიის სარდლობამ, სადაც აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი გახდა პასუხი სირიის ტერიტორიიდან ნასროლი ორი რაკეტის ჩამოვარდნაზე გოლანის სიმაღლეებზე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ პირადად გასცა ბრძანება საპასუხო დარტყმაზე და ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი აგრესიას ყოველთვის ძალით უპასუხებს.
იუწყებიან, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო სირიის საარტილერიო და საზენიტო ბატარეა, ასევე სამეთვალყურეო პუნქტები.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებმა დაადასტურეს სარაკეტო იერიშის შედეგად სამი სირიელი სამხედროს დაღუპვა, ხოლო დამასკმა ისრაელი აგრესიაში დაადანაშაულა.