პოსტს ტოვებს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი
ანდრეა ნალესმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, გამოაცხადა, რომ აპირებს დატოვოს პოსტი მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის წევრმა პარტიამ მარცხი იწვნია ევროპარლამენტის არჩევნებში.
ნალესი ასევე დატოვებს ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს.
გასულ კვირაში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში გერმანელი სოციალ-დემოკრატები მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდნენ და პარტიის პოპულარობა ბოლო გამოკითხვებით აგრძელებს ვარდნას, ხოლო მისი კონკურენტის, მემარცხენე-ცენტრისტული „მწვანეების“ - იზრდება. ერთ-ერთი გამოკითხვით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი 12 პროცენტამდე დაეცა, რაც ისტორიული ანტირეკორდია.
გერმანულ მედიაში გამოითქმება მოსაზრება, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მმართველი კოალიციის დაშლაც. ფრაქციის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება, მაგრამ უცნობია, თუ როდის ჩატარდება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.