გიორგი კანდელაკი იუსტიციის სამინისტროს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი დადებითად აფასებს ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.
გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი არათუ არ იწონებს ვანო მერაბიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, მიიჩნევს, რომ მას უსამართლოდ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი საკნიდან გაყვანის ეპიზოდში, მოითხოვს ამ ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას და 30 სექტემბერს კვლავ აპირებს მიუბრუნდეს ამ საქმის განხილვას.
„კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს რომ მიმდინარე გამოძიება იყოს: პირველი,სათანადოდ საფუძვლიანი, რათა დაადგინოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები. მეორე, სათანადოდ ფართომასშტაბიანი, რათა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ძალაუფლების გადამეტებას გავლენა მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებზე და მესამე, ჩატარდეს გულმოდგინებით და სწრაფად,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
გარდა ამისა, გიორგი კანდელაკის თქმით, ვანო მერაბიშვილს არ ჰქონია მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან სრულყოფილი წვდომა რაზეც იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს და ამის შესახებ შეშფოთება კომიტეტმა გამოთქვა.
იუსტიციის სამინისტრომ 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესს დადებითად აფასებს და რომ “მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების საკითხი პირველად 2018 წლის 4 დეკემბერს შეაფასა, მოიწონა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.”
გიორგი კანდელაკის თქმით, იუსტიციის სამინისტრო აქაც ტყუის:„მერაბიშვილის ციხიდან გაშვების საკითხი მინისტრთა კომიტეტს 2018 წლის დეკემბერში არ განუხილავს,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
კანდელაკი მთავრობას მოუწოდებს, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად ქვეყნის ინტერესების ლობირებას მოახმაროს საერთაშორისო ასპარეზზე.