დავით სერგეენკომ შესაძლოა, მინისტრის თანამდებობა დატოვოს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება. მისი ინფორმაციით, აშშ-დან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს 16 ივნისს, დღის ბოლოს შეხვდა.
ინფორმაცია, რომ დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს, 14 ივნისს, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმაც,“ თუმცა, ეს სამინისტროს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მინისტრის პოსტზე განიხილება პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის და საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ეკატერინე ტიკარაძის კანდიდტაურები. “ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას აკაკი ზოიძემ ეს ინფორმაცია უარყო.
დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. "ქართული ოცნების" მთავრობაში გარკვეული პერიოდულობით განხორციელებული საკადრო ცვლილებები სერგეენკოს არასდროს შეხებია.
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დავით სერგეენკო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად პირველ ადგილს ინაწილებდა პოლიტიკოსებისადმი დადებითი განწყობის მხრივ. სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 40%-მა გამოხატა.