ნათია მეზვრიშვილი: არ ვიცი ვინ არის რაინდი, მაგრამ პოლიციაზე ვერავინ აღმართავს ხელს
არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძის განცხადებაზე უკვე მოახდინა რეაგირება - დღეს დილით გამოძიება უკანონო ფორმირების მუხლით დავიწყეთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილის სიტყევბიტ, იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა და მათში გაწევრიანება, ისჯება კანონით და მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უკვე მოახდინა რეაგირება - დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და ამას მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება. გამოძიების შედეგები გონივრულ ვადებში უნდა ვიხილოთ, რაც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამას შესაბამისი დრო სჭირდება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ის გამოეხმაურა ვასაძის განცხადებას პოლიციის კორდონების გარღვევასთან დაკავშირებითაც.
„არ ვიცი, რაინდი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.
16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.