პრემიერი დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას ჯერჯერობით არ ადასტურებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დავით სერგეენკო ტოვებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველი, ვინც ამას შეიტყობს, ქართული მედია იქნება.
"მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკოს შესაძლო გათავისუფლების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა შეკითხვას, თუ რა არ მოსწონს დავით სერგეენკოს მუშაობაში. „დღეს საკადრო გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 16 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სერგეენკოს მოთხოვა განცხადება თავად დაეწერა, ბახტაძემ თქვა, რომ თავის კაბინეტში მუშაობის ასეთი წესები არ აქვს.
შეკითხვას, შეთანხმებულია თუ არა ბიძინა ივანიშვილთან თანამდებობიდან დავით სეერგენკოს გათავისუფლება, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: "ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებებს ყოველთვის გავდივართ კონსულატციების შედეგად და რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებას ვღებულობ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი."