სასამართლო სხდომაზე გარდაიცვალა ეგვიპტის ექსპრეზიდენტი მორსი
ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი, მოჰამად მორსი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა კაიროს სასამართლო დარბაზში - იუწყებიან ოფიციალური პირები.
ეგვიპტის მთავარი პროკურორის თანახმად, მორსი სასამართლო დარბაზში აღმართული გისოსების უკან წაიქცა, მას შემდეგ, რაც ტრიბუნალს სიტყვით მიმართა 17 ივნისს. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ, სამედიცინო ცნობით, მას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სასამართლო სხდომაზე განიხილავდნენ ჯაშუშობის ბრალდებებს, რომლებიც ეფუძნება ეჭვებს კონტაქტების შესახებ პალესტინურ ისლამისტურ ჯგუფ ჰამასთან. 67 წლის მორსი ერთ დროს მთავარი ფიგურა იყო ამჟამად აკრძალულ, ისლამისტურ მოძრაობა მუსლიმთა საძმოში. ის ეგვიპტის არმიამ 2013 წელს გადააყენა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომლებიც დაიწყო ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც მორსი ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი. მას შემდეგ მორსი პატიმრობაში რჩებოდა, ეგვიპტის მთავრობამ მის მომხრეებზე ზეწოლა დაიწყო. მუსლიმთა საძმო ეგვიპტის ხელისუფლებას ადანაშაულებს მორსის "მიზანმიმართული ნელი სიკვდილის" გამოწვევაში.