რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დემონსტრანტები იშლებიან.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ყელის წვა და ცრემლდენა.
მანამდე, ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ და განახლდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები სამართალდამცველებს, სავარაუდოდ - სპეცრაზმის წარმომადგენლებს, ართმევდნენ ფარებსა და ჩაფხუტებს. იყო ცარიელი ბოთლების სროლის შემთხვევებიც.
აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ, რომ სამართალდამცველები სათითაოდ შეეთრიათ სიღრმეში და მოექციათ ხალხის ალყაში. სავარაუდოდ, ასეთი ქმედების მიზანი იყო სამართალდამცველთა რიგების შეთხელება.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ „საქართველო, საქართველო“.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები - როგორც აქციის მონაწილეების, ასევე სამართალდამცველების რიგებში.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების არაერთი ავტომობილი.
საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.