ბერა: ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ
მას შემდეგ, რაც ქართველმა კომპოზიტორმა, გია ყანჩელმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, შვილმა, ბერა ივანიშვილმა, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყანჩელის "ყვითელ ფოთლებს" უკრავს.
"საკუთარ ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ. ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, "ყვითელ ფოთლებს" ვუკრავ,"- წერს ბერა ივანიშვილი.
"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ პარლამენტს, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება."- თქვა გია ყანჩელმა ტვ პირველის ეთერში.
საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს უკვე მეხუთედ იმართება რუსთაველის გამზირზე, გია ყანჩელის მხარდამჭერი გზავნილის შემდეგ მისი კომპოზიცია, "სამშობლო" ჩართეს.
ბერა ივანიშვილმა 22 ივნისს დაწერა, რომ საპროტესტო აქციების მუხტს იზიარებდა.
"მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული." - დაწერა მაშინ ბერამ Facebook-ზე.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.
21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოებში მყოფი 19 ადამიანიდან 2 ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სამართალდამცავებმა დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.