დადგენილია პირი, რომელიც გიგა მაქარაშვილს მოკვლით ემუქრებოდა
უკვე იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა გიგა მაქარაშვილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის (#სირცხვილია) ერთ-ერთ ორგანიზატორსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს.
„ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შეხება არ მქონია, არასდროს არ მოუწერია ჩემთვის, არავითარი კონტაქტი არ მქონია. ზუსტად გინებითა და მუქარით იწყებს - არანაირი ძველი ნაცნობობის გახსენება არ ყოფილა, არანაირი კონტაქტი არ მქონია.
მეტიც, ეს კაცი არ არის დათო მაზანაშვილი, სხვა სახელითა და გვარით არის მოსული. ბუნებრივია, რომ იმალება. თუმცა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიებში კარგად ვერ ერკვევა... არ ვიცი სახელი და გვარი, თუმცა, მე როგორც მივხვდი, რა პროცედურებიც ჩატარდა იქ - სხვა სახელითა და გვარით არის, ბუნებრივია...
მისი იდენტიფიკაცია უკვე მოახერხა პოლიციამ ძალიან სწრაფად და შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები ძალიან სწრაფად მოახდენენ რეაგირებას“, - განაცხადა მაქარაშვილმა პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ.
სიცოცხლის ხელყოფის მუქარის გამო პოლიციას გიგა მაქარაშვილმა 2 ივლისს მიმართა. „შევედი მე პოლიციაში და ვნახოთ, როგორ უნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა!!!" - დაწერა მან სოციალურ ქსელში, განაცხადის შესატანად პოლიციაში მისვლისას.
მაქარაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ასევე გამოაქვეყნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი იმ კომენტარის სქრინშოტი, რომელიც მან ტელეფონით მიიღო.
„გადავწყვიტე, მოვსულიყავი პოლიციაში. გასაგებია, რომ მე ვერაფერს დამიშავებს, ეს რომ სდომოდა, გასაგებია, რომ წინასწარ ანონსს არ გააკეთებდა, რადგან პირველი ეჭვმიტანილი იქნებოდა. მე არაფრის მეშინია, უბრალოდ არსებობს უამრავი მოწყვლადი ადამიანი, რომელსაც მსგავსმა მუქარამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მოუტანოს.
ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი პოლიციაში, რადგან მსგავსი ადამიანები ბევრ კარგ მოქალაქეს, წესიერ მოქალაქეს უქმნიან რეალურ ფსიქოლოგიურ საფრთხეს“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.