მე-15 დღე: რუსთაველზე აქცია-კონცერტი დაიწყო
4 ივლისს, საპროტესტო აქციების მეთხუთმეტე დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტი - „არა ოკუპაციას“ - იმართება.
აქცია-კონცერტში მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის მომღერლები და მუსიკოსები. წინასწარი ინფორმაციით, სცენაზე გამოვა 20 შემსრულებელი და ბენდი.
როგორც მუსიკოსმა და შემსრულებელმა, ნიკა კოჩაროვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „მუსიკა ხელოვნების ის დარგია, რომელმაც არაერთი რევოლუცია შექმნა“ და „ხანდახან ამა თუ იმ ძალის უსამართლობა ისეთ პიკს აღწევს, რომ საჭიროა ხოლმე გარეთ გამოსვლა“.
სცენაზე შვილიშვილებთან ერთად დადგება მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს შეგნებული ნაბიჯია.
„ჩემს შვილიშვილებთან ერთად დავდგები შეგნებულად. მე შემეძლო, რომ მარტო გავსულიყავი სცენაზე და მემღერა, მაგრამ მე მინდა, რომ იმ ორმა პატარამ, რომელიც მომავალი თაობაა, ძალიან კარგად უნდა შეიგრძნოს, რას ნიშნავს ერთად დგომა, როდესაც შეურაცხყოფას მოგაყენებენ“, - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
კონცერტზე გამომსვლელთა შორის არიან: KayaKata, სოფო ბათილაშვილი, ნიკა კოჩაროვი, ერეკლე დეისაძე, მწვანე ოთახი, მარტივი გამოსავალი, ჯგუფი არა, რობი კუხიანიძე, მაია დარსმელიძე, გია თოიძე, გიორგი უშიკიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ანიტა რაჭველიშვილი, თერიკა და დასავლელი, Kung Fu Junkie, Bedford Falls, Mellow, LOUDspeakers, Killages, The BearFox, Four Dimensional Monster Lobsters, Killages და სხვები.
4 ივლისის აქციაზე არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები. შაბათს, 6 ივლისს, აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ მსვლელობას გეგმავენ.