გიორგი ვაშაძე: ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება რეალობას თვალს არ გაუსწორებს მას აგრესიის დიდი ტალღა წალეკავს.
„ჩემი რჩევაა, რომ გადატრიალებაზე შეთითხნილი ბინძური საქმეების ნაცვლად, შეასრულეთ მოთხოვნები და დავიწყოთ ყველამ ერთად ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი. დადგა დრო, ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ბურთი მათ მხარეს არის, მოედანიც მათ ხელშია, გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მოედანი გამოჩნდება, სხვა მოთამაშეები, სხვა მაყურებლები და აღარავინ შეხედავს არც ივანიშვილს, არც გახარიას და არც მათ გარემოცვას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, საზოგადოებაში არსებობს ძალიან დიდი პროტესტი. და არა მხოლოდ მათში, ვინც აქციაზე დგას ან ტელევიზორით ადევნებს თვალს საპროტესტო აქციებს, არამედ პროტესტი, ვაშაძის სიტყვებით, დიდია იმ ადამიანებშიც, ვისაც ტელევიზორის ყურების საშუალებაც არ აქვთ.