ლიბიაში დაკავებულ რუს მოქალაქეს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთან ჰქონდა კავშირი
ლიბიაში დაკავებულ ერთ-ერთ რუს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილია არჩევნებში ჩარევისთვის, კავშირი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის მზარეულად ცნობილ, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთან.
გამოცემა „პროექტისა“ და „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის თანახმად, რუსს ჰქვია მაქსიმ შუგალეი, სანქტ-პეტერბურგელი პოლიტტექნოლოგი მადაგასკარის საპრეზიდენტო არჩევნებში პრიგოჟინის ინტერესებისათვის მუშაობდა.
მეორე დაკავებული, ასევე რუსეთის მოქალაქეა არაბული წარმომავლობის სამერ ჰასან სუეიფანი, რომელიც თარჯიმნად მუშაობდა.
მოგვიანებით მაქსიმ შუგალეის და კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავება დაადასტურა „ნაციონალური ინტერესების დაცვის ფონდმა“, რომლის თანახმად რუსები ატარებდნენ მხოლოდ სოციოლოგიურ გამოკვლევებს და არ ჩარეულან ლიბიის საარჩევნო პროცესში.
ლიბიის პროკურატურის თანახმად, რუსი სპეციალისტები ცდილობდნენ შეხვედროდნენ საიფ ალ-ისლამ კადაფის, 2011 წელს მოკლული ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ერთ-ერთ შვილს. სააგენტო „ბლუმბერგის“ ვარაუდით, მოსკოვის მხარდაჭერით, კადაფი უმცროსი შესაძლოა გახდეს კანდიდატი ლიბიის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ბი-ბი-სის“ თანახმად, „ნაციონალური ინტერესების დაცვის ფონდის“ დამფუძნებელი ალექსანდრ მალკევიჩი ინგლისურენოვანი საიტის USA Really-ის მთავარ რედაქტორად მუშაობს.
ფედერალური საინფორმაციო სააგენტოს ამ პროექტს, აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს.
მალკევიჩმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ დახურულ მოლაპარაკებებს აწარმოებს თანაშრომლების გასათავისუფლებლად.