პოლონეთში გაასამართლეს მოხელე რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის
პოლონეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო მთავრობის ყოფილი თანამშრომელი რუსეთის სამხედრო დაზვერვისათვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გადაცემისათვის.
ვარშავის საოლქო სასამართლომ 5 ივლისს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც მარეკ ვ.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მსჯავრდებული 2018 წლის დასაწყისში მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში, როდესაც დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის, რუსეთის სამხედრო დაზვერვისათვის (GRU) გადაცემაში. ეს სავარაუდოდ მოხდა 2015-2016 წლებში.
ჯაშუშობაში ბრალდებულის დაპატიმრების დროს, პოლონურ მედიაში დაიწერა, რომ პოლონელმა მოხელემ მოსკოვს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებდა პოლონეთის მთავრობა რუსეთის გაზის იმპორტის შემცირებას და „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის შეფერხებას.