ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შუფარდეს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 10 პირს.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არც ერთ მსჯავრდებულს არ დაუკმაყოფილა.
შს სამინისტროში 6 ივლისს განაცხადეს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ამ უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.
დაკავების ღონისძიებები ჩატარდა ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
სამინისტროს განცხადებით, დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ე.წ. ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი „მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ“.
ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.