რუსეთში მიწას მიაბარეს ტრაგიკულად დაღუპული 14 მეზღვაური
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ნათესავები ესწრებოდნენ 14 რუსი სამხედრო მეზღვაურის დაკრძალვას, რომლებიც ხანძრის შედეგად 1 ივლისს დაიღუპნენ ბარენცის ზღვაში.
თავდაცვის სამინისტრომ კატასტროფის მიზეზად დაასახელა სააკუმულატორო განყოფილებაში მომხდარი ხანძარი, მაგრამ არაფერი უთქვამს თავად აპარატზე, რომელშიც ავარია მოხდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს არის ატომური წყალქვეშა ნავი АС-31, „ლოშარიკის“ სახელით ცნობილი ხომალდი, რომელიც რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პროექტია.
6 ივლისს მეზღვაურები სამხედრო პატივით მიაბარეს მიწას.
რუსეთის პრეზიდენტმა ოთხ მათგანს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. 10 მეზღვაური კი დაჯილდოვდა მედლებით მხედრული მამაცობისთვის.
დაკრძალვას ესწრებოდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრეი კარტაპოლოვი, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი და სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლების პირველი პირები.
სერაფიმეს სასაფლაოზე, სადაც 6 ივლისს დაკრძალეს ბარენცის ზღვაში დაღუპული მეზღვაურები, ატომური წყალქვეშა გემ „კურსკის“ ეკიპაჟის წევრებიც განისვენებენ.