„გახარია წადი“ - შს მინისტრს TV პირველის სტუდიასთან აქციის მონაწილეები შეძახილებით ხვდებიან
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის სტუდიასთან შეიკრიბნენ, სადაც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს უნდა უპასუხოს.
აქციის მონაწილეებმა ცალი თვალი აიკრეს და საყვირებითა და შეძახილებით - „გახარია, წადი!“, შს მინისტრის მისვლას ელოდებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ შეუშლიან ხელს გიორგი გახარიას სტუდიაში შესვლას:
„უბრალოდ, კიდევ ერთხელ, ხმაურით გავაგებინებთ რომ ის უნდა წავიდეს. ის აღარ იქნება ჩვენი შს მინისტრი და ამას მოვახერხებთ ისე, რომ არცერთ კანონს არ დავარღვევთ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.
ტელევიზიასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.