ნონა წოწორია „რუსთავი 2“-ზე: ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა
მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით; მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს, - წერს თავის ფეისბუკგვერდზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია „რუსთავი 2“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
წოწორია თვლის, რომ დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და ბრძოლა გრძელდება.
„იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად ევროსასამართლო გააგრძელებს თავისი უპირველესი მისიის - წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს - აღსრულებას.
ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება. ჩემი მხარდაჭერა ყველას თავისუფლების და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - წერს ნონა წოწორია.
18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.
საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.