აფხაზეთზე სიუჟეტი გერმანულ მაუწყებელზე დამახინჯებული ისტორიული ფაქტებით გავიდა
საქართველოს საელჩო გერმანიაში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასული სიუჟეტის გამო მაუწყებელს მიმართავს ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო. ამის შესახებ საელჩო განცხადებას ავრცელებს:
„გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში – არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი“.
საქართველოს საელჩო გერმანიაში წერს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის ზომებს. ამასთან საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს სიფხიზლისა და ყურადღებისთვის, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიჩინეს.
სიუჟეტი, კი რომელიც გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სათაურით „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“, შეეხება პაველ კაჟეიკინს, რომელიც ექსტრემულ სპორტს მისდევს და თოკით ეშვება მიტოვებული შენობებიდან და ხიდებიდან.
„ასეთები ბევრია ტყვარჩელში“,- ამბობს სიუჟეტის ავტორი და ტყვარჩელს მოიხსენიებს, როგორც „კვარჩალს“.
სიუჟეტის თანახმად, 90-იანი წლების დასაწყისში მრეწველობის განადგურებისა და საქართველოსა და დამოუკიდებლობის მისწრაფების მქონე აფხაზეთს შორის ომის გამო, ხალხა იქაურობა დატოვა. თუ მანამდე 40 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ტყვარჩელი ცარიელია.
„რუსეთი აფხაზეთის ერთადერთი მოკავშირეა. საქართველოს ნაწილად თავი, ვერც ერთ აფხაზს ვერ წარმოუდგენია. აფხაზეთის ლამაზი ბუნება საბჭოთა დიქტატორ სტალინსაც უყვარდა. მან რიწის ტბაზე აიშენა საზაფხულო რეზიდენცია და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აფხაზეთი საქართველოსთვის გადაეცა“. ნათქვამია სიუჟეტში.
სწორედ ამ პასაჟს აფასებს, ქართული მხარე ისტორიული ფაქტების დამახინჯებად და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელს რეაგირებას სთხოვს.
მაუწყებლისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ მოქალაქეებიც, შესაბამისი მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ 7-წუთიან სიუჟესტს გამოეხმაურა ასევე საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი. ,„პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას მან ააღნიშნა, რომ „ვართ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების რეჟიმში და გვმართებს, ვიყოთ აქტიურები - ისტორიული ფაქტების დამახინჯების ფაქტზე მივწერეთ რეპორტაჟის ავტორსაც და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რედაქციასაც“.
ქართული მხარე გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან რეაგირებას მოელის.