ტრამპს ნება დართეს, პენტაგონის ბიუჯეტიდან ფული აიღოს საზღვარზე კედლის ასაშენებლად
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს უფლება, პენტაგონის ბიუჯეტიდან 2,5 მილიარდი დოლარი გამოიყენოს მექსიკასთან საზღვარზე კედლის ახალი ნაწილის ასაშენებლად.
კედლის აშენების გეგმას აპროტესტებენ გარემოს დამცველი წამყვანი ორგანიზაციები. მათი შეფასებით, სასაზღვრო კონსტრუქცია ხელს შეუშლის ადამიანებს ამ ტერიტორიის დასასვენებლად გამოყენებასა და ბუნებით ტკბობაში.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აქტივისტებს არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი საჩივრის შესატანად.
ხოლო ორი თვის წინ ფედერალურმა სასამართლომ უარყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სარჩელი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს არა აქვს უფლება, კონგრესთან შეუთანხმებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვაზე.
დემოკრატ კონგრესმენებსა და პრეზიდენტს შორის ამ საკითხზე დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც თებერვალში ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მექსიკის საზღვარზე, რათა პენტაგონის ფული გამოიყენოს კედლის ასაშენებლად.
მანამდე კონგრესმა უარი თქვა კონსტრუქციისათვის ფულის გამოყოფაზე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს კედლის მშენებლობა საზღვრის 150-კილომეტრიან მონაკვეთზე. მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე სასამართლო დავა, რომელზეც დამოკიდებულია კედლის ბედი.