დავით დვალი: ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას რამდენიმე დღეში ვუპასუხებთ
„სამწუხაროდ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. სახელმწიფომ ქნა ყველაფერი,კონკრეტულად კი პროკურატურამ, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ წუთას არ გვაქვს, შესაბამისად ეს არის კეთილი ნება“,- განაცხადა „რუსთავი 2 „ -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ტელეკომპანიის 100 პროცენტის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე ქიბარ ხალვაშმა „რუთავი 2“ - ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა.
„დრო ბევრი გავიდა იმის შემდეგ, რაც გაჟღერდა სხვა ციფრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი არ შემოგვთავაზოს.“,- აღნიშნა დავით დვალმა, რომელმაც ამავდროულად მადლობა გადაუხადა ქიბარ ხალვაშს კეთილი ნების გამოხატვისთვის.
„ეს არის კერძო ადამიანი და მისი კეთილი ნებაა 5 პროცენტს დათმობს თუ 70-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად თანხმობას განვაცხადებთ. ჩვენი პასუხი საბოლოო კი ან არა უახლოეს დღეებში იქნება და იქნება დასაბუთებულად რატომ ვამბობთ ამას“,- განმარტა დავით დვალმა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში „ყველაფერი დაიყვანება იმაზე, კონტროლი ვისია. ამიტომ პასუხიც დაფუძნებული იქნება ამ ანალიზიდან გამომდინარე“.
დავით დვალის განმარტებით შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს იდეები სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსთავი2 უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი იყოს.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გაახმოვანა დაპირება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და ამასთან, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%-საც დაუთმობდა.
მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული "რუსთავი 2".