ნავალნის თანამოაზრე 8 დღიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ დააკავეს
რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდის კოორდინატორი, ოლეგ სტეპანოვი იქვე დააპატიმრეს, როცა ის ციხიდან გამოვიდა რვა დღიანი პატიმრობის შემდეგ.
ნავალნის ჯგუფმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ გამოდის სტეპანოვი საპატიმროდან ხოროშიოვო-მნიოვნიკის რაიონში და უშიშროების ძალები იქვე სვამენ მას პოლიციის ავტობუსში. არ არის ცხადი, რატომ დააკავეს სტეპანოვი, რომელიც ადრე გაასამართლეს და რვა დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს 27 ივლისის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის.
ეს არასანქცირებული აქცია, რომლის დროს, პოლიციის ცნობით, 1074, ხოლო ოპოზიციის თქმით, 1373 პირი დააკავეს, შედგა მოსკოვის საბჭოს არჩევნებზე დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების დაშვების მოთხოვნით.
მას მერე არაერთი მანაწილე დააჯარიმეს, ან გაასამართლეს და მცირე ხნით პატიმრობა მიუსაჯეს. 1 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ პოლიციელები ჩხრეკდნენ აქციის მონაწილეთა ბინებს და მათ, ვის სახლებსაც ჩხრეკენ, ხელს აწერინებდნენ დოკუმენტზე, რომელშიც მათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებოდნენ, თუ კიდევ ერთხელ მიიღებდნენ დემონსტრაციაში მონაწილეობას, განაცხადა უფლებადაცვის ჯგუფ აგორას ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა, იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა ОВД-Инфо.