50%-ის კონტროლი, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის – აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა
50%-ის კონტროლი არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და არც ერთ ჟურნალისტს მისგან არანაირი მითითება არ მიუღია.
„სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ბევრია და ჩემი პასუხია, რომ ყოველდღიურობა გვაჩვენებს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა ჟურნალისტებს. 50%-ის კონტროლი, ჩემი აზრით, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის. დათოს განცხადება იყო, რომ ის აპირებს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა? ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა“, – განაცხადა სალიამ.