43-ე დღე: ნიკა გვარამია იქნება გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის 43-ე დღე კვლავაც გადაცემების სადისკუსიო ფორმატს დაეთმობა. „სირცხვილიას“ მე-9 გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იქნება „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
გვარამიას 1 აგვისტოს შეატყობინეს, რომ ის გამოკითხვაზეა დაბარებული „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
ნიკა გვარამია გადაცემა „სირცხვილიას“ პირველი ბლოკის სტუმარი იქნება და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეაფასებს. ხოლო მეორე ბლოკში „სირცხვილია“ პოეტ რატი ამაღლობელსა და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ყოფილ ხელმძღვანელს, დეა მეტრეველს უმასპინძლებს.
„რეპრესიები გრძელდება! ხელისუფლებამ ადამიანებზე მასობრივი დევნა დაიწყო და 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვების გამპროტესტებელ ხალხს სისხლის სამართლის უმძიმესი მუხლებით გამართლებას უპირებს“, - ვკითხულობთ აქციის 43-ე დღის ანონსში.
ნათქვამია ასევე, რომ გადაცემა „სირცხვილია“ ტრადიციულად სწორედ იმ ადამიანებზე საუბრით დაიწყება, „რომლებსაც საკუთარმა ხელისუფლებამ ჯერ დასცინა რუსი ოკუპანტის პარლამეტში დასმით, შემდეგ დაარბია ამის გაპროტესტების გამო და პასუხისმგებლობის აღიარების ნაცვლად, ეს პასუხისმგებლობა ისევ ამ ადამიანებზე გადმოიტანა“.
საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კვლავაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, ყოველდღე სხვადასხვა თემას ეძღვნება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.
20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.
რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.