ნიკა გვარამია: „პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“ იმიტომ, რომ ვარ.ეგრეა!“
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაუშვებელია სამოქალაქო სამართალში სისხლის სამართლის „შეჩხერვა“, თუმცა ეს მისთვის ხელსაყრელია, რადგან „ყველა მიხდება, რომ პოლიტიკური საქმეა“.
„ეს გადაწყვეტილება სამართლებრივადაც და ეკონომიკურადაც ძალიან ცუდია. კონტრაქტის თავისუფლება არის უზენაესი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამაზე არ დგება. მაქსიმუმ დადგეს სამეწარმეო პასუხისმგებლობა და პასუხი აგებინონ დირექტორს.
მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახეზეა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ - ამერიკულით დაწყებული, გერმანულ - ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი. ჩემთვის რა? პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“ იმიტომ, რომ ვარ. ეგრეა!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ასევე ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.
ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქმე შეკერილია.
წინასასამართლო სხდომა ნიკა გვარამიას საქმეზე 30 სექტემბერს 14:00 საათზე დაინიშნა.
რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ნიკა გვარამია ამ ბრალდებას უწოდებს "პოლიტიკურ ანგარიშსწორებას" ხელისუფლების და პირადად ბიძია ივანიშვილის მხრიდან.