იემენში სეპარატისტებთან შეტაკებაში დაიღუპა სულ მცირე 40 კაცი
სულ მცირე 40 კაცი დაიღუპა იემენის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ადენში ბოლო დღეებში დაწყებულ ბრძოლებში, დაიჭრა დაახლოებით 260. ასეთია გაეროს წინასწარი მონაცემები. სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით 70 დახოცილზე იუწყება.
ქალაქში ბრძოლები დაიწყო 8 აგვისტოდან, როდესაც ქალაქის გარკვეული ნაწილი დაიკავეს ე.წ. სეპარატისტული „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა. ისინი ესწრაფვიან იემენის სამხრეთი ტერიტორიების გამოყოფას ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიიდან.
ადენი წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული იემენის დროებითი მთავრობის რეზიდენციას. დედაქალაქ სანუს აკონტროლებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების რაზმები. ქვეყანაში რამდენიმე წელია გრძელდება ომი სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის. საუდის არაბეთმა, რომელიც დროებით მთავრობას უჭერს მხარს, კვირას განახორციელა დარტყმა ადენში გამაგრებული სეპარატისტების პოზიციებზე და იმუქრებიან უფრო მასშტაბური იერიშებით, თუ ისინი არ დატოვებენ დაკავებულ ტერიტორიებს.