ნიკა გვარამია: ხალვაში და სალია ვერ იცხოვრებენ საქართველოში
ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშსა და პაატა სალიას ჰპირდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ისინი საქართველოში ვერ იცხოვრებენ. ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 12 აგვისტოს გააკეთა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ისტორია სწორედ ქიბარ ხალვაშისა და პაატა სალიას ხელით დასრულდა. შესაბამისად, გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დაჭერა ელის, ხოლო პაატა სალია იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა.
„ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება პირდაპირ ციხეში - ამ ისტორიული კატასტროფის მოწყობისთვის და თანამონაწილეობისთვის შეთქმულებაში საქართველოს მთავარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ... და ეს არარაობაც, პირობას ვდებ, უბრალოდ ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს - ყველა პირობა შეექმნება იმისთვის, რომ ვერ იცხოვროს პაატა სალიამ საქართველოში, „რუსთავი 2“-ის ბოლო და ბნელმა დირექტორმა... პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენ ფეხქვეშ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ „რუსთავი 2“-ს ინტერვიუ მისცა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანიის გაყიდვის განზრახვასთან დაკავშირებით და ასევე პრესკონფერენცია გამართა ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.
სალიას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა "კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ", რაც, მისი თქმით, შედეგია ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული ქმედებებისა.