Ryanair-ის საქართველოში მალე შემოსვლაზე მიანიშნებს ეკონომიკის სამინისტრო
დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ მინიშნებას აკეთებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
„უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. ინფორმაციას „1 არხი“ ავრცელებს.
მანამდე, ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ დავაანონსებთ რეგულარულ რეისებს ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა საღირაშვილმა 2 აგვისტოს გადაცემაში „საქმიანი დილა“. კონკრეტული თარიღი არც მას დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ „ყველანაირი საფუძველი“ არსებობს „პოზიტიური მოლოდინისთვის“.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისიდან განსახორციელებელ რეისებთან დაკავშირებითაც.
Ryanair-ის საქართველოში შემოსვლას უკვე დიდი ხანია ელოდება საზოგადოება. ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ წლებში სხვადასხვა დროს გავრცელდა არაერთი პოზიტიური ინფორმაცია, მაგრამ არ გამართლდა.
2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა ამ ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი, დეივიდ ობრაიანი და იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილა.
ოპოზიცია და კერძოდ - „ევროპული საქართველო“ ხშირად შეახსენებს ხელისუფლებას, რომ ქუთაისიდან Ryanair-ის ფრენების დაწყება ჯერ კიდევ 2013 წელს იყო შესაძლებელი, თუმცა შანსები ხელიდან იქნა გაშვებული.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყანაში სწორედ Ryanair-ის შემოსაყვანად აშენდა, რათა მოქალაქეებს უცხოეთში იაფად მოგზაურობის საშუალება ჰქონოდათ. ამ ავიაკომპანიის შემთხვევაში ევროპის ქალაქებს შორის ფრენა, საშუალოდ, 15-20 ევრო ჯდება.